თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დათანხმდა ექსპერიმენტის ჩატარებას, რომლის დროსაც ადამიანებს განზრახ დაასნებოვნებენ კორონავირუსით, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ექსპერიმენტი ვაქცინის მოკლე დროში შექმნას ემსახურება.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, კვლევისთვის, რომელსაც ლონდონის „იმპერიალ კოლეჯი“ აწარმოებს ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად, ბიუჯეტიდან 33,6 მლნ გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მანამდე ექსპერიმენტი მარეგულირებელმა ორგანოებმა და ასევე ეთიკის საკითხთა კომიტეტმა უნდა დაამტკიცონ. და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება მსოფლიოში პირველი გამოცდა, რომლის დროსაც ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებს განზრახ დააავადებენ COVID-19-ით.
დაგეგმილია, რომ კვლევები 2021 წლის იანვარში დაიწყოს და შედეგები უკვე მაისისთვის უნდა გახდეს ცნობილი.
კომპანია hVIVO-ს (ფარმაცევტული კომპანია Open Orphan ORPH.L-ის ქვედანაყოფი) განცხადებით, კვლევის საწყის ეტაპში მონაწილეობას 90 მოხალისე მიიღებს, რომლებსაც კორონავირუსის კონტროლირებად დოზას შეუყვანენ. ესენი იქნებიან 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ანუ დაბალი რისკის ჯგუფის წარმომადგნელები.
როგორც ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ მკვლევარი კრის ჩიუ განმარტავს, ექსპერიმენტი მათ საშუალებას მისცემს, უკეთ გაუგონ COVID-19-ს და ამასთან დააჩქარონ როგორც მკურნალობის პოტენციური მეთოდების, ისე ვაქცინის შექმნა.
მეცნიერის თქმით, მისი გუნდი უკვე 10 წელზე მეტია უსაფრთხოდ ატარებს სხვა რესპირატორული ვირუსების გამოცდას ადამიანებზე და პირობას დებს, რომ ახალი კვლევის დროსაც პოტენციური რისკები, „რომლისგანაც არც ერთი კვლევა არ არის სრულად დაზღვეული“, შეძლებისდაგვარად დაბალი იქნება.