COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რომელი თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მეტი – შვიდი ფაქტი ბათუმში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 172-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეტალობის ფაქტები დაფიქსირდა თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში.

გარდაცვალების ყველაზე მეტი – შვიდი ფაქტი ბათუმში დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 90 წლის ქალი, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. პაციენტს აღენიშნებოდა პნევმონია, გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია. გადატანილი ჰქონდა ინფარქტი და ინსულტი.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა 62 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული ჰემოდიალიზი).

75 წლის კაცი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. დიაგნოზი: პნევმონია - COVID-19, გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია.

მეოთხე პაციენტი, რომელიც ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა, 81 წლის მამაკაცი იყო. აღენიშნებოდა COVID-19, სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია.

78 წლის პაციენტი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 73 წლის ქალი. პაციენტს აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, მენინგიომა, პოლინეიროპათია.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 54 წლის მამაკაცი. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილია 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან. ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თერჯოლის კოვიდ-კლინიკაში გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი. პაციენტს ქრონიკულ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი პაციენტი გარდაიცვალა თბილისში. მათ შესახებ ამ დროისათვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი 30 წლამდე ასაკისაა. თუმცა, გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული. მან აღნიშნა, რომ ყველა გარდაცვლილი კლინიკაში მკურნალობდა.

COVID-19-მა მორიგი რეკორდი დაამყარა: ჯანმომ ერთი კვირის შედეგები გამოაქვეყნა>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1351-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 21208-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი, გარდაიცვალა – 172, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4462, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3071 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1772 ადამიანი იმყოფება.