თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსი დაფიქსირდა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საარჩევნო უბნები ერთი დღით დაიხურა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, კომისიის ინფიცირებულ წევრებს სხვები ჩაანაცვლებენ.
„ერთი ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრია, ორი მათგანი კი არის პარტიის მიერ არჩეული, აქედან მხოლოდ მის მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, ეს ადამიანი არის თვითიზოლაციაში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ვერ იქნებიან საარჩევნო უბანზე 31 ოქტომბერს, ამიტომ ოლქის მიერ არჩეულ კომისიის წევრთან დაკავშირებით გამოვაცხადებთ კონკურს. ასევე, პარტიას ორი დღის ვადა აქვს იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ კომისიის წევრები“, – განაცხადა სალომე როდონაიამ.
დღეს ცნობილი გახდა, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.
პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება.
საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 857-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8 666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158.