რას სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას არჩევნების წინ

მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ მიიღოს მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები კრიზისის დაძლევის კუთხით და მოსახლეობას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს, სთავაზობენ არასამთავრობო ორგანიზაციები
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოში რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების პირობებში საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები შეიძლება იყოს.

„წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს თავს ვერ ავარიდებთ ხალხმრავალ შეკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გამოცხადდა რეკომენდაციები ვირუსისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი არც პირბადის ტარების და არც დისტანციის დაცვის წესებს  არ იცავს, რაც, ცხადია, მნიშვნელოვანი რისკის შემცველია“, - აღნიშნავენ ორგანიზაციები.

პოლიტიკური პარტიები აგრძელებენ აგიტაციას, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა არსებითი ცვლილებები შეიტანა და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა წინასაარჩევნო აქტივობა, რათა თავიდან აირიდონ კორონავირუსის გავრცელება. შეიცვალა ე.წ. კარდაკარი, ასევე ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი ხალხმრავალი შეკრებებისგან თავს იკავებს.

გახარია: არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას, მათ შორის ინფიცირებულებსაც ექნება

„მსგავსი ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებელია გავლენას ახდენდეს ამომრჩეველზეც, რომელიც, თავის მხრივ, თავს არიდებს წინასაარჩევნო შეკრებებში მონაწილეობას. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის კორონავირუსი უკვე რამდენიმე პარტიის ლიდერს დაუდგინდა. რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს მათ აქტივობაზე აისახება.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღეს დამკვირვებელ ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდებათ საკარანტინე ზონებში და თვითიზოლაციაში მყოფი ათასობით ადამიანის კენჭისყრის პროცესის დაკვირვება.

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

„სამწუხაროა, რომ მოსახლეობის ნაწილს „კოვიდ-19”-ის არსებობის არ სჯერა ან არასერიოზულად უყურებს ამ საკითხს, შესაბამისად,  მოსალოდნელია მათ მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციების უგულებელყოფა. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებები მიიღოს „კოვიდ კრიზისის” დაძლევასთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარის პირობებში რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სთავაზობენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას. მათი თვალსაზრისით, მასში უნდა შევიდნენ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი სუბიექტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის ჩათვლით.

ელისაშვილი არჩევნების ორ დღეზე გადანაწილების ინიციატივით გამოდის

„უნდა შემუშავდეს კოვიდ ინფექციის მართვის გეგმა მისი სხვადასხვა ტემპით გავრცელების სცენარების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს „კოვიდ ინფიცირებულთა” ის კრიტიკული რაოდენობა და ეპიდიმიის გავრცელების ტემპი და სიმძიმე, რომელიც  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, არჩევნების გადადებას და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

და ბოლოს, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შორის არჩევანის გაკეთება - ინტერესების დაბალანსების არასწორი გზაა.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“  (TIG), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“  (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  (HRIDC), „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC.)