„ქართული ოცნება“ რეგიონებში თავისი პროგრამის თემატურ პრეზენტაციას იწყებს

პროგრამის პირველი პრეზენტაცია 20 ოქტომბერს რუსთავში გაიმართება და მას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჩაატარებს.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში თავისი წინასაარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.

მდგრადი განვითარების პროგრამის პირველი პრეზენტაცია სამშაბათს ქალაქ რუსთავში გაიმართება და მას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარუძღვება.

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის განვითარების პროგრამული მიმართულებები.

მმართველმა პარტიამ თავისი მომდევნო ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ასახულია ძირითადი რეფორმების გაგრძელება, ოქტომბრის დასაწყისში წარმოადგინა.

პროგრამის დიდი ნაწილი ეძღვნება ბიზნესის განვითარებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სოციალურ დახმარებას, ჯანდაცვასა და განათლებას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი აირჩევს 150 დეპუტატს – 120-ს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.