თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებში აისახება. ამასთან დაკავშირებით 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმში და იმერეთის რეგიონში არსებული ბარები და რესტორნები შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ - ისინი სტუმრებს მხოლოდ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში ემსახურებიან.
შსს-ს ინფორმაციით, დარღვევები დაფიქსირდა კომპანია „ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ FELLERS-ში, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.
იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.