COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: რომელი თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ პაციენტებს

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მეტი – შვიდი ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე მეტი – შვიდი ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. ბათუმის რეგიონში – ოთხი, ქუთაისში – ორი, გორში – ერთი, მცხეთაში – ერთი.

პლუს 15: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი საერთაშორისო ჰოსპიტალში, ხოლო ერთი კლინიკა „მედცენტრში“.

82 წლის ქალს, რომელიც ​ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია, თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია.

მეორე პაციენტი 62 წლის ქალი იყო, მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კოვიდ–კლინიკად გადაკეთდა

მესამე პაციენტი 65 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 40 წლის ქალი. მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ-ცენტრში. პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა

სხვა გარდაცვლილების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.