რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლა აშენდება

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობა დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.

პროექტი საზოგადოება „რუსთაველებისა“ და ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობით ხორციელდება.

ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.

ქართველმა კანოისტმა მსოფლიო თასის ეტაპზე ვერცხლი მოიპოვა

ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საზოგადოება „რუსთაველების“ დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მე-12 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, ასევე სხვა მიწვეული სტუმრები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სპორტკომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კლუბი საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლებს.

„ამ უმშვენიერეს ქალაქში საფუძველი ჩაეყარა რუსთაველ ნიჩბოსანთა ახალ კლუბს. ეს კლუბი შესაძლებლობას მისცემს რუსთაველებს და არა მხოლოდ რუსთაველებს, რომ ასეთ ულამაზეს სპორტის სახეობას დაეუფლონ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქ საერთაშორისო ტურნირებსაც მოვაწყობთ და უცხოელ სპორტსმენებსაც ვუმასპინძლებთ“, – განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიჩბოსნობის სკოლის მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა და ის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.