მესტიის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

რთული რელიეფის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა და ცეცხლის ქრობის სამუშაოების დაწყება.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

მესტიის ტყეში ხანძარია

ცეცხლი სოფლის მახლობლად ტყის მასივში გუშინ გაჩნდა, ხანძრის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დროულად შევიდა.

შემთხვევის ადგილზე 125 მეხანძრე–მაშველი და ათი ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესი მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.

რთული რელიეფის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა და ცეცხლის ქრობის სამუშაოების დაწყება.

გვიან ღამით ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებით ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფართობის ტერიტორია დაიწვა ხანძრის შედეგად.