„ლოკომოტივის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ

კორონავირუსმა გათამაშების გრაფიკში კორექტივები შეიტანა – თბილისის „დინამოსთან“ დაგეგმილი მატჩი 4 ნოემბერს გადაიტანეს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის" მოთამაშეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან – კორონავირუსი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელს დაუდასტურდა, იუწყება „მთავარი არხი“.

ქართველ მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კლუბის პრეზიდენტის გიორგი ყიფიანის განცხადებით, „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი მწვრთნელის ინფიცირების შესახებ ცნობილი 14 ოქტომბერს გახდა. ამჟამად თვითიზოლაციაში არიან როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები და კლუბის მთელი პერსონალი.

ახალი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის მატჩი „ლოკომოტივსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 4 ნოემბერს გადაიტანა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 18 663 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.