ლევან რატიანი: „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავირუსის გამო პანიკას არ აყვნენ
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ პაციენტს აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

COVID-19 საქართველოში: ეყოფათ თუ არა პაციენტებს ადგილები საავადმყოფოებში

24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის მაჩვენებელი უკვე ოთხნიშნა რიცხვებშია გამოსახული. გასულ დღე ღამეში COVID-19-ის 1 186 შემთხვევა გამოვლინდა.

„ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - „დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება". დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში", - განაცხადა რატიანმა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან სულ არსებობდა მაკრო- და მიკროორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში კი ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა.

„პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
თენგიზ ცერცვაძე: ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ლევან რატიანის თქმით, ოჯახის ექიმი ხელმძღვანელობს ძირითადი პროტოკოლით, რის საფუძველზეც უწევს სამედიცინო მომსახურებას იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება.

ცოტა ხნის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა , რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, შესაძლოა გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარონ. საუბარია ე.წ. დედიმერის ჩატარებაზე, რომელიც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება კორონავირუსისთვის ძალიან დამახასიათებელია.

ბოლო მონაცემებითб საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.