„ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა PCR-ტესტი ჩაიტარეს: გააგრძელებს თუ არა პარტია შეხვედრებს

პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მამუკა ხაზარაძე თავს კარგად გრძნობს და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ყველა ლიდერმა და თანამშრომელთა დიდმა ნაწილმა PCR-ტესტი ჩაიტარა, ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, ნათქვამია პარტიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გუშინ „ლელოს“ ლიდერმა და პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა და 48 საათში კიდევ ერთი ანალიზის გაკეთებას გეგმავს. PCR-ტესტი ჩაუტარდა ხაზარაძის ოჯახის ყველა წევრს და პასუხი მათ შემთხვევაშიც უარყოფითი დაფიქსირდა.

პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხაზარაძე თავს კარგად გრძნობს და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, პრევენციის მიზნით პარტია „ლელო საქართველოსთვის” საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პარტიის ოფისების დეზინფექციას, ხოლო პარტიის ის თანამშრომლები, რომელთა სამსახურში ყოფნა არ არის სავალდებულო, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასული.

„პარტია ზედმიწევნით იცავს უსაფრთხოების წესებს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით პერიოდულად ატარებს ოფისების დეზინფექციას. რაც შეეხება თანამშრომლებსა და „ლელოს“ ლიდერებს, უდიდესმა ნაწილმა ჩაიტარა PCR–ტესტი, ყველა პასუხი უარყოფითია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“  შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას და ამომრჩეველთან კომუნიკაციას.