იცავენ თუ არა ბარები და რესტორნები ახალ წესებს – შრომის ინსპექციის მონიტორინგი

შრომის ინსპექცია განაგრძობს კვების ობიექტების შემოწმებას, რომლებისთვისაც, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მუშაობის ახალი რეჟიმი დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ორი დღის განმავლობაში ბარებისა და რესტორნების მონიტორინგმა პანდემიის პირობებში დადგენილი წესების დარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

რესტორნები 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. ფერაძის თქმით, წესების დამრღვევები 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში გასართობი ცენტრებისა და რესტორნების მუშაობა შეიზღუდება

„ბოლო ორ დღეში გამოვავლინეთ დარღვევის 11 შემთხვევა... მათ დაეკისრათ 10 ათასი ლარის ოდენობით სანქცია. ჩვენ ვახორციელებთ და ვაგრძელებთ გეგმურ მონიტორინგს და იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაფიქსირდება დარღვევა და კვლავ განაგრძობენ საქმიანობას 22:00 საათის შემდეგ, მოხდება თითოეული მათგანის დაჯარიმება“, – განაცხადა ფერაძემ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში ეპიდემიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ინფიცირებულების დღიური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვით გამოიხატება.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 17 477 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 8060 პაციენტი, გარდაიცვალა 136 ადამიანი.