გახარია: მკაცრ ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს

როგორც გახარიამ განაცხადა, მთავრობის მიერ კოვიდთან ბრძოლის სტრატეგია იცვლება და ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყანა მკაცრ ლოკდაუნს აღარ გამოაცხადებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილი: გვაქვს ორი არჩევანი>>

პრემიერის განცხადებით, ამის აუცილებლობა არ არის და ქვეყნის ეკონომიკაც ამას ვერ გაუძლებს.

„მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი ინფორმაციით, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე მთავრობის სტრატეგია იცვლება – ეს არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. პრემიერის თქმით, შესაბამისად, მთავრობის ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება ბალანსის სწორი დაჭერა, რომელშიც იგულისხმება წერტილოვანი შეზღუდვები და იმ წესების სწორად შესრულება, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია.

„ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – ამირან გამყრელიძე

გახარია პანდემიის დასაწყისში გამოცხადებულ საგანგებო წესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მაშინ ლოკდაუნი სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში. ქვეყანაში იყო პირბადეების დეფიციტი. მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და მსოფლიოსთან ერთად ამ ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ცოდნა არ გვქონდა, ვიმედოვნებდით, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ სხვა მდგომარეობაში. მაშინ მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. რამდენიმე დღეში ქვეყანამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საზღვრები ჩაკეტა. 21 მარტს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ამჟამად ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ხან მკაცრდება და ხან – მსუბუქი ფორმით ფუნქციონირებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად შემთხვევების გაზრდილი რაოდენობისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

გახარია: მკაცრი წესების დაცვა არის გასაღები, რომ ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ

„შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, არც ერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი, ამოუწურავი არ არის. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა განაცხადა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი გამოსავალი არის კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა.

სექტემბრიდან მოყოლებული საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და უკვე ოთხნიშნა რიცხვს მიაღწია.

ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 18663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.