მსოფლიო დღეს

„სიმშვიდე არ ეღირსებათ“: მაკრონი ისლამისტებს ემუქრება

ჩეჩენმა ახალგაზრდამ პარიზის მახლობლად ისტორიის მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, რაც პრეზიდენტმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს სხდომაზე პარიზის მეზობელ კომუნაში მომხდარის შემდეგ.

აღნიშნულის თაობაზე ტელეარხი BFMTV იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

თავდაცვის საბჭო, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების მონაწილეობით, კვირა საღამოს შეიკრიბა ორი დღით ადრე ისტორიის მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა.

პარასკევ საღამოს ისტორიის მასწავლებელს სამუელ პატის, რომელმაც მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად, ბოროტგანმზრახველმა თავი მოჰკვეთა.

მოგვიანებით პოლიციამ პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა დამნაშავე, რომელიც დაკავების მცდელობისას პოლიციელებს დაესხა თავს. პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების პროცესში უკვე დაკავებულია 11 ადამიანი. ამასთან, ტელეარხის ცნობით, ორშაბათიდან ყველა იმ გამოხმაურების ავტორების შემოწმება დაიწყება, რომლებმაც სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირეს მასწავლებელზე თავდამსხმელს.

კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.