ბურჯანაძე მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას პოზიტიურ იმპულსს შესძენს
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მზადაა, მეგობრული დიალოგი აწარმოოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხზე.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე >>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობისას ტერიტორიების გადაცემის შესახებ გამოძიება ამ შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებულია ორი მოხელე, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937-1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გახარია: აზერბაიჯანი არის ჩვენი პარტნიორი და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი თემაა

ბურჯანაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ ამ თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს და იქ ქართველ მომლოცველებს არ უშვებს. ახლახან გაირკვა, რომ მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უკანონოდ მოექცა.

ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში არიან. პროკურატურამ არ გამორიცხა ამ საქმეზე სხვა პირთა დაკავება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბრალდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეიძლება წარედგინოს.