თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებული მედმუშაკების კონტაქტების მოკვლევა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 123 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 30 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მხარის საკარანტინო სივრცეებში სულ 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 413 ადამიანი იმყოფება.
საქართველოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143.
კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2862 პაციენტი რჩება, კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისათვის 1420 ადამიანი იმყოფება.
ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.