თენგიზ ცერცვაძე: ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდებათ

მთავრობაში მსჯელობდნენ ბინაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ე.წ. დედიმერის ჩატარებაზე, რომელიც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება კორონავირუსისთვის ძალიან დამახასიათებელია.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, შესაძლოა გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარონ,  განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე: ქვეყანა მაშინ ჩაიკეტება, როცა ვეღარ შევძლებთ შემთხვევების ადეკვატურ მართვას >>

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს გამოკვლევის მინიმალური პაკეტი მაინც ჩაუტარდეთ, მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი ან ე.წ. დედიმერი, რომელიც არის ასევე სისხლის ანალიზი და არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება კორონავირუსისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც.

„იყო ერთი-ორი სიგნალი ამ მხრივ სახლში დატოვებული პაციენტებიდან, ეს სიგნალები რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას ისეთი პრეცედენტი, როგორიც არის უცხოეთში, როდესაც უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, ამიტომ მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სულ მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ მას გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
COVID-19 საქართველოში: ეყოფათ თუ არა პაციენტებს ადგილები საავადმყოფოებში

ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ბინაზე დარჩენილების რამე სპეციალური მკურნალობა არ ხდება.

„თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადება, რომელსაც მანამდეც მკურნალობდნენ, აგრძელებენ ამ პროცესს, მაგრამ „კოვიდის“ სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება მისი სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

გასულ კვირას ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვმა 18 663-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143. 

კარანტინის რეჟიმში  6407 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  2862 პაციენტი რჩება, კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისათვის 1420 ადამიანი  იმყოფება. 

ახალი კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.