შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის ბედს ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ

12 ნაფიცი მსაჯული 90 დღეში უნდა აირჩიონ, ყოველი მათგანი როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ უნდა მოიწონოს
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. დღეიდან გორის რაიონული სასამართლო შეუდგება 12 ნაფიცი მსაჯულის არჩევას, რომლებმაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების - ვახტანგ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის ბედი უნდა გადაწყვიტონ.

შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთივე ბრალდებული დამნაშავეა – საქმის პროკურორი >>

ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არიან თუ არა ბრალდებულები დამნაშავეები გურამ ამირხანაშვილის გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რომელიც შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ ასევე შაქარაშვილის მკვლელობაში.

მორაგბეების ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადეს და სურთ ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანონ.

„ნაფიც მსაჯულებს გორის რაიონულ სასამართლოში აირჩევენ. პროცედურის ვადა 90 დღეს შეადგენს. ამგვარად, ამ 90 დღის განმავლობაში დაცვამ და ბრალდებამ უნდა აირჩიონ 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც გატაცების ეპიზოდს განიხილავენ“, - აღნიშნა კობაიძემ.

პროკურორი: მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს

ამასთან, როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი წაქაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ამიერიდან საქმის ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცემა.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალი ედება ხუთ პირს - არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ასევე ორ არასრულწლოვანს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო.

რეზონანსულ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა, ნაწილს კი განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.