მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა ხაზარაძე 48 საათში კიდევ ერთ ტესტს გაიკეთებს. ამ დროისათვის ის თვითიზოლაციაში გადავიდა და თავს კარგად გრძნობს
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბანკირ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.

მარინა ენდელაძე: ვითარება საგანგაშოა, თუმცა საწოლების პრობლემა არ იქნება

ხაზარაძის განცხადებით, 48 საათში კიდევ ერთ ანალიზს გაიკეთებს, რათა შედეგის სიზუსტეში 100 პროცენტით დარწმუნდნენ.

„ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით“, - წერს ხაზარაძე.

პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ მთავრობის ნაბიჯებს არაკომპეტენტური, არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო უწოდა. რამაც, ხაზარაძის თქმით, მოქალაქეთა ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა და კორონავირუსის აფეთქება გამოიწვია.

„თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას! covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
თბილისის კიდევ სამ სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

სამშაბათს, 13 ოქტომბერს ოპოზიცუურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ასევე გამოცხადდა იმ პირთა ვინაობა, ვინც „მარშალის გეგმის“ თანახმად, ახალ მთავრობაში შევა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ხაზარაძე თანამოაზრეებთან ერთად აქტიური წინასაარჩევნო კამპანიით იყო დაკავებული.