ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის მერი ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ყველა წესებს იცავდა, ხოლო კორონავირუსის პირველი სიმპტომი - სიცხე შაბათს გამოუვლინდა, შესაბამისად იმ დღეს სამსახურში არ ყოფილა
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს COVID-19 დაუდასტურდა, იუწყება ქართული მერია.

მერის განცხადებით, ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს სწავლობენ. ალექსანდრე სარიშვილი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ჩემთან მყოფი პირები ჯერჯერობით კლინიკაში გადაყვანილები არ არიან, ისინი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით თვითიზოლირებულნი არიან. ამ საღამოს, ტესტზე დადებითი პასუხი მომივიდა. თავს ნორმალურად ვგრძნობ და ტემპერატურაც არ მაქვს. სხვა არანაირი სიმპტომი არ მაქვს. გუშინ დილით ადრე, სამსახურში არც ვიყავი წასული, როდესაც სიცხე მქონდა და თავს შეუძლოდ ვგრძნობდი", - ამბობს ლანჩხუთის მერი.

მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მისივე განმარტებით, სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართა კლინიკას და კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. რეკომენდაციების თანახმად კი, პირბადეს და დაცვის სხვა საშუალებებს ყოველთვის იყენებდა.

„პროტოკოლით როგორც გადაწყდება, იმ წესების შესაბამისად ვიმოქმედებთ. მაქსიმალურად დაცული დავდიოდი. კონტაქტებს რაც შეეხება, ზუსტად არ ვიცი ეპიდემიოლოგები ამ დროისათვის რამდენთან მუშაობენ", - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

დღეს კორონავირუსი ასევე ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბანკირს მამუკა ხაზარაძეს დაუდგინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1192-ით გაიზარდა და 17477-ს მიაღწია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 8060 ადამიანი, გარდაიცვალა – 136, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1388 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.