თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. შემოდგომით გრიპის და კორონავირუსის ერთდროული გავრცელება ჯანდაცვის სისტემისთვის ახალ სირთულეებს ქმნის, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„გრიპის და COVID-19-ის ერთდროული ცირკულირება შეიძლება წარმოადგენდეს პრობლემას ჯანდაცვის სისტემებისა და დაწესებულებებისათვის, რადგან ამ ორ დაავადებას ბევრი მსგავსი სიმპტომი გააჩნია“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრიპის გავრცელების აღსაკვეთადაც ეფექტურია. პირველ რიგში საუბარია ხელების დაბანაზე, პირბადეების ტარებაზე, სოციალური დისტანციის დაცვასა და შენობების განიავებაზე.
კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. ამჟამად დაფიქსირებულია 38,6 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, თითქმის 1,1 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ინფიცირებულია აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.