აზერბაიჯანმა ქალაქი ფიზული თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია - ალიევი

დაპირისპირებული მხარეები კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს თავდასხმებში, სარაკეტო დაბომბვებში და დაზავების დარღვევაში
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ ქალაქი ფიზული თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

ფაშინიანმა და ალიევმა ყარაბაღში უცხოელი ბოევიკების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრეს

„ქალაქი ფიზული აზერბაიჯანული არმიის კონტროლის ქვეშ არის აღებული... ოცდაათწლიანი სომხური ოკუპაციის განმავლობაში ფიზულიში არ დარჩენილა არც ერთი მთელი შენობა, დანგრეულია ჩვენი რელიგიური ძეგლები. სომხები სახურავებს ხდიდნენ სახლებს, ფანჯრების ჩარჩოები მიჰქონდათ. ფიზული არის სომხური ფაშიზმის მოწმე. დასრულდა ფიზულის მკვიდრთა მრავალწლიანი ნატვრა მშობლიურ მიწაზე, ჩვენ იქ დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ და იქ ცხოვრება აღდგება“, - მიმართა ხალხს სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, გათავისუფლებულია ასევე ფიზულის რიონის სოფლები გოჩაჰმედლი, ჩიმენი, ჯუვარლი, პირაჰმედლი, მუსაბეილი, იშიღლი, დედელი.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგები: ალიევისა და ფაშინიანის შეფასება

9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე. თუმცა მხარეებმა დაზავების შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი შაბათსვე დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.