აჭარაში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება წელსაც განხორციელდება. ფერმერებს ერთ კილოგრამ ციტრუსზე 10 თეთრს ბიუჯეტიდან გამოუყოფენ, ათს კი მიმღები საწარმოები გადაუხდიან.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღებასთან დაკავშირებული საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, ნათქვამია აჭარის მთავრობის  ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკოორდინაციო შტაბი, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით აამოქმედა.

რთველი 2020: ამ დროისათვის გადამუშავებულია 273 ათას ტონამდე ყურძენი

შტაბი  დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გახსნეს.

საკოორდინაციო შტაბი 1 თებერვლამდე იმუშავებს. 25 ნოემბრიდან კი დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმეო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს Georgian industrial Asset Management Group განახორციელებს.

საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო მიიღებს, წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 35-40 ათას ტონამდე იქნება.