COVID-19 საქართველოში: 15 წლის ინფიცირებული გოგონას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ექიმები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია გოგონას მდგომარეობის დამძიმება და აქვს თუ არა მას თანმხლები დაავადებები
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული, განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

სხვების გადასარჩენად: ყოფილმა კოვიდინფიცირებულმა პოლიტიკოსებმა პლაზმა ჩააბარეს

თუ რამ გამოიწვია მოზარდის მძიმე მდგომარეობა და აქვს თუ არა მას სხვა თანმხლები დაავადებები, აღნიშნულთან დაკავშირებით ტურძელაძე არ საუბრობს.

„ისევ მძიმეა მდგომარეობა, სხვა ვერაფერს გეუბნებით, ბავშვი არასრულწლოვანია“, - განაცხადა ტურძელაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, მოზარდის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და მას არანაირი თანმხლები დაავადებები არ აქვს.

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა.