თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდება

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, დაწესებულება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ოქტომბრიდან თეორიული კურსები დისტანიურ რეჟიმში, ლაბორატორიული და პრაქტიკული კურსები კი აუდიტორიებში ჩატარდება, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში. 

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან განახლდება

საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გაუარესებისა, სწავლა 19 ოქტომბრიდან განახლდება, განაცხადა გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. თუ რა რეჟიმში გაგრძელდება სწავლის პროცესი, ეს თავად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა აირჩიონ.

რაც შეეხება თსუ-ს, უნივერსიტეტმა სწავლების ჰიბრიდული მოდელი აირჩია.

„საჭიროების შემთხვევაში, და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს. პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, დაწესებულება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს. 

კორონავირუსი საქართველოში: ქვეყანაში სკოლები და ბაღები იხურება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და დაახლოებით 5 ათასი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე სემესტრში იკითხება 2813 სასწავლო კურსი, აღნიშნულია განცხადებაში.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – დღეს 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მიუხედავად ეპიდვითარების გაუარესებისა, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15327-ს მიაღწია, ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა 124 პაციენტი.