სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 40 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა სულ ოთხი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 158 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 459 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 40 დადებითი პასუხია, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ახალი შემთხვევებიდან 27 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (10 დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, 17 კი რუხისა და „ევექსის“ კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები), ერთი შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში (დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი), სამი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში (ინფიცირების წყარო უცნობია), ინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა სენაკის მუნიციპალიტეტში (ინფიცირების წყარო უცნობია), ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში (ერთი „იმპორტირებული“ შემთხვევაა, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ორი პაციენტის ინფიცირების წყარო კი უცნობია), ორი ინფიცირებული კი აფხაზეთის მკვიდრია. 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია

რაც შეეხება კოვიდ–კლინიკებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობას, რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 88 პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 158 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 887-ით გაიზარდა და 15327-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7613 ადამიანი, გარდაიცვალა 124 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია