მსოფლიო დღეს

გაბრაზებულმა ძიძამ ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო: მიმდინარეობს გამოძიება

პოლიციამ დამნაშავე ძიძა უკვე დააკავა და დაკითხა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაუწვა რვა თვის ჩვილს ხელები.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ძიძამ რვა თვის ჩვილი, რომლის დედასთანაც მანამდე ჩხუბი მოუვიდა, ნაგვის კონტეინერში ჩააგდო, წერს The Sun. 

შემთხვევა აშშ-ის კონექტიკუტის შტატში მოხდა 12 ოქტომბერს.

​გამოცემის ინფორმაციით, ჩვილი მეზობელმა იპოვა სრულიად შემთხვევით. მამაკაცს ტირილის ხმა მოესმა და იფიქრა, რომ ურნაში კატა ჩხაოდა, თუმცა ახლოს მისულმა აღმოაჩინა, რომ იქ პატარა ბავშვი ეგდო.

„ბავშვი კანკალებდა და ტიროდა. მაშინვე ხელები მომხვდა თვალში. ორივე ხელი დამწვარი ჰქონდა, განსაკუთრებით მარჯვენა“, — ამბობს პერი დენისი.

მამაკაცი შეეცადა ბავშვი კონტეინერიდან ამოეყვანა, მაგრამ მარტომ ამის გაკეთება ვერ მოახერხა და იქვე მომუშავე სარემონტო ბრიგადის წევრებს უხმო.

პოლიციამ უკვე დაადგინა, რომ ჩვილი ნაგავში მისმა 24 წლის ძიძამ ანდიანა ველესმა გადააგდო, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ბავშვის 21 წლის დედასთან ჩხუბი მოუვიდა ბენზინგასამართ სადგურზე. ძიძა დაკავებულია. თუმცა სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ვითარებაში დაეწვა ბავშვს ხელები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს გამოძიება.