ოღონდაც არა ვერცხლისწყლიანი: დასახელდა საუკეთესო თერმომეტრი სიცხის გასაზომად

ცნობილმა თერაპევტმა სხვადასხვა სახის თერმომეტრების ნაკლოვანება–საფრთხეები განმარტა და მათგან საუკეთესო დაასახელა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. სხეულის ტემპერატურის მომატება მრავალი დაავადების მნიშვნელოვანი სიმპტომია, მათ შორის COVID-საც. თუ რომელი თერმომეტრის გამოყენებაა სასურველი ზუსტი მონაცემის მისაღებად, ამის შესახებ რადიო Sputnik-თან ინტერვიუში თერაპევტმა ოლგა კაშუბინამ ისაუბრა.

გრიპია თუ COVID-19? მთავარი განსხვავება სიმპტომების თანმიმდევრობაა – ქვეყნდება კვლევა

თერაპევტის თქმით, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი დიდი ხანია წარმოადგენს ადამიანის სხეულის ტემპერატურის გაზომვის არა ერთადერთ, მაგრამ მთავარ ხელსაწყოს. დღეს არჩევანი ბევრად უფრო ფართოა. არსებობს ინფრაწითელი თერმომეტრები; ზოლის ფორმის თერმომეტრი — რომელიც შეიძლება ბავშვს შუბლზე მივაკრათ; ერთჯერადი, საწოვარას ფორმის თერმომეტრები ჩვილებისთვის; მაგრამ მათგან არც ერთი არ არის ზედმიწევნით ზუსტი.

და, მაინც, მიუხედავად ამისა, ოლგა კაშუბინა ირწმუნება, რომ ვერცხლისწყლიან თერმომეტრზე უარის თქმა აუცილებელია.

„გირჩევთ დაუყოვნებლივ გამორიცხოთ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის ყიდვის ვარიანტი. არავითარი სიზუსტე არ ამართლებს მის საფრთხეს. არსებობს თერმომეტრები ვერცხლისწყლის გარეშეც. ისინი პრაქტიკულად ისეთივე ზუსტია და ისევე გამოიყურება. მათი ნაკლი ის არის, რომ ისინი, ისევე, როგორც ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები, ტემპერატურას ძალიან ნელა ზომავს. საჭიროა დაახლოებით 5 წუთი ლოდინი და თანაც ისე, რომ არ იცი, უკვე გაზომა ტემპერატურა თუ არა“, — თქვა ოლგა კაშუბინამ.

მისი განმარტებით, ყველა თანამედროვე ვარიანტს შორის საუკეთესოდ მიიჩნევა ელექტრონული „წრიპინა“ თერმომეტრი, რომლითაც ტემპერატურა იღლიაში იზომება.

მიაქციეთ ყურადღება! დაავადებები, რომლებზეც ცივი ფეხები მეტყველებს

  • „ყველამ არ იცის, რომ თერმომეტრი ხმოვანი სიგნალისთანავე არ უნდა ამოიღოს იღლიიდან — საჭიროა 1-2 წუთი დალოდება. ეს წერია ინსტრუქციებში, მაგრამ რატომღაც რეფლექსები მუშაობს ისე, რომ რაკი დაიწრიპინა, ე.ი. მაშინვე უნდა დავხედოთ თერმომეტრს“, — განმარტა თერაპევტმა.

კაშუბინას თქმით, ინფრაწითელ თერმომეტრებს, რომლებსაც, როგორც წესი, საზოგადოებრივ ადგილებში იყენებენ ხალხის დიდი რაოდენობისთვის სიცხის გასაზომად, ყოველთვის აქვს ცდომილება. თუმცა, თუ ტემპერატურა უკვე საკმაოდ მაღალია (ვთქვათ, 40 გრადუსი), ასეთი მაჩვენებელი ინფრაწითელ თერმომეტრს არ გამორჩება.