თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. დედაქალაქში ტყეების მდგომარეობა კატასტროფულად მძიმეა და მომდევნო წლებში განხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებშიც 700 ჰა ტერიტორიის გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის ურბანული ტყის შექმნის კვლევითი ნაწილის პრეზენტაციაზე, რომელიც მთაწმინდაზე გაიმართა.
ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო>>
დღეს თბილისის ურბანული ტყის აღდგენის პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. კახა კალაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დაფინანსებით მიმდინარე თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.
როგორც კალაძემ განაცხადა, ტერიტორია, სადაც გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე მოხდება მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახეული საფარის განაშენიანება და რეაბილიტაცია.
ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ გასულ წლებში მშენებლობები რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა და დღეს მსგავსი რამ აღარ მოხდება.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაში, მოწესრიგებაში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და, ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მშენებლობები არა პარკების, სკვერების, სპორტული მოედნების ხარჯზე, არამედ ურბანული თვალსაზრისით სწორად უნდა განხორციელდეს.