კორონავირუსი საქართველოში: ქვეყანაში სკოლები და ბაღები იხურება

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის პედაგოგებისა და ბავშვების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორმა თამარ კაპანაძემ გაავრცელა. 

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე თბილისის კიდევ ერთი საჯარო სკოლა გადავიდა

ინფექცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუდგინდა, რის გამოც სკოლა 21 ოქტომბრამდე დისტანციურ სწავლებზე გადავიდა.

კორონავირუსის ინფექციის გამოვლენის გამო სასწავლო პროცესი 12 დღით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება თბილისის №173 სკოლაშიც.

„კორონავირუსი ჩვენი სკოლის პედაგოგს გამოუვლინდა. იგი ორსულადაა და უკვე გადის მკურნალობის კურსს. ჩვენ რეკომენდაცია მივიღეთ, გარკვეული დროით თვითიზოლაციაში გადავიყვანოთ ის პირები, რომელთაც ინფიცირებულთან შეხება ჰქონდათ. მასთან კონტაქტი ბევრ პედაგოგს ჰქონდა, ამიტომაც 12 დღით მთელი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ლია თუშურმა. 

თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღმა გახსნისთანავე მუშაობა შეწყვიტა

კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდათ ქუთაისის კერძო სკოლა „პროგრესის“ პედაგოგსა და მოსწავლეს – ინფიცირებულია პირველი კლასის მოსწავლე და მისი პედაგოგი.

კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქუთაისის აკადემიკოს ი. ჯავახიშვილის სახელობის სკოლა „იმედში“ – ინფიცირებულია პედაგოგი, რის გამოც სკოლა ერთი კვირით სწავლის ონლაინ–რეჟიმზე გადავიდა.

რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაღებს, სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან დღემდე დაწესებულებებში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების გამო ჯამში 13 ბაღი დაიკეტა. მათგან სამში – №53, №99 და №36 კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა.

დროებით დახურულ დაწესებულებებს შორისაა №4, №29, №35, №93, №153 და №6 საბავშვო ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“.

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან, საბავშვო ბაღებში კი სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდა.