დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანენ

მსჯავრდებულის ძმის განცხადებით, ციხის საავადმყოფოს არ გააჩნია საკმარისი რესურსი გიორგი მამალაძის სამკურნალოდ, რის გამოც ოჯახმა არაერთხელ მოითხოვა დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

დეკანოზის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ის კლინიკაში კვლევების ჩასატარებლად გადაჰყავთ.

„ჩემს ძმას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, მარჯვენა ფეხი 9-10 სანტიმეტრითაა დაწვრილებული, ხელი კი 4-5 სანტიმეტრით. გამომდინარე იქიდან, რომ პენიტენციურ დაწესებულებას საკმარისი რესურსი არ გააჩნია დეკანოზის სამკურნალოდ, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. იგი წელიწადი და 8 თვეა პარალიზებულია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მომხდარიყო დეკანოზის გამოკვლევა“, – განაცხადა დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ოჯახმა არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ დეკანოზის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში მომხდარიყო, რაზეც ამ დრომდე უარს იღებდნენ.

მსჯავრდებულის უფლებადამცველები და ოჯახი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებას ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დეკანოზს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს და ამიტომ მან სასჯელი საპატიმროში უნდა მოიხადოს.

საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეული ვადით ათავისუფლებენ მკურნალობის მიზნით, რის შემდეგაც ის ციხეში ბრუნდება.

მამალაძის საქმე

მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“: დეკანოზ მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს იქ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.