ცნობილი სახეები ახალი ტენდენციის გარშემო გაერთიანდნენ. ვარსკვლავებმა პანდემიის პირობებში საინტერესო ჰობი აღმოაჩინეს. ცნობილ სახეებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ანუკი არეშიძე აღმოჩნდა, რომელიც ფერმერობით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ ანუკი მამას აგარაკზეც ხშირად ეხმარებოდა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ძველი ინტენსივობით ვეღარ ახერხებდა. გადადებულმა მოდის კვირეულმა, დახურულმა სკოლებმა და ბაღებმა ანუკის ახალი შესაძლებლობა გაუჩინეს. საქმის პარალელურად დიზაინერი მიწაზე აქტიურად მუშაობს. ულტრამოდურმა ყოფილმა მოდელმა ამჯერად ულამაზესი ვარდების ფოტო გამოაქვეყნა.
„ჩემი ბაღის ყვავილები“ – ანუკის გვერდს ამ სახელწოდებით რამდენიმე საინტერესო ფოტო დაემატა. მათ შორის ერთ-ერთში დაწნული კალათა ჩანს, რომელშიც ანუკიმ საკუთარი ხელით გაზრდილი ვარდები მოათავსა. როგორც ჩანს, მოდელს გამორჩეულად ყვითელი ვარდები ხიბლავს, ვინაიდან მის კალათაში მზისფერი ყვავილები დომინირებს.
შესაძლოა ბევრისთვის უჩვეულოა, მაგრამ ანუკი არეშიძეს ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან უყვარს. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს მთიან კურორტებს და ასევე მამის ფერმას ლაგოდეხში, სადაც შინაურ ცხოველებს და ფრინველებს სიამოვნებით აპურებს. ამაში მას ვაჟებიც ეხმარებიან.
ანუკიმ წყნეთის აგარაკზე ულამაზესი ბაღი გააშენა, სადაც კარანტინის დროს მარწყვი საკუთარი ხელით დარგო და მოსავალიც მიიღო. ამის ამსახველი ფოტოები კი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ეზოში ასევე ფერადი ყვავილები გაზარდა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაკრიფა და ფოტოსესია მოაწყო.