თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა, ხოლო კორონავირუსის სიმპტომები კვირას გამოუვლინდა.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება პირველი არხი.

თენგიზ ცერცვაძე COVID-გადატანილ ადამიანებს დონორობისკენ მოუწოდებს

საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი საქართველოს მასშტაბით უკვე არაერთ სკოლაში დაფიქსირდა.

როგორც თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თამუნა კაპანაძე Facebook-გვერდზე წერს, კორონავიურსი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს.

პედაგოგი სკოლაში ბოლოს პარასკევს დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა, ხოლო კორონავირუსის სიმპტომები კვირას გამოუვლინდა.

„პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს დღის პირველ ნახევარში ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. ასე რომ, პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს! თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე“, - წერს თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი.
ფოთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

სკოლის დირექტორი ასევე წერს, რომ თავად არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულ პედაგოგთან.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო.

1 ოქტომბრიდან დიდ ქალაქებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში სწავლას დაუბრუნდა, ხოლო VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდა.

შეზღუდვები უცვლელი დარჩა აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები დადასტურდა.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზე თბილისის კიდევ ერთი საჯარო სკოლა გადავიდა >>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 13521 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 7157-ს შეადგენს. გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.