თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთი გაერთანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს, ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კანდიდატურას 158-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. სულ არჩეული იყო 15 ახალი წევრი — საფრანგეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და კუბის ჩათვლით.
აღნიშნულზე პასუხად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „ისევ აირჩია ადამიანის უფლებათა სფეროში საშინელი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები რუსეთის, ჩინეთისა და კუბის ჩათვლით“. მისი თქმით, ეს სწორედ ადასტურებს აშშ-ის გადაწყვეტილების სისწორეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლისა და ადამიანის უფლებათა დასაცავად სხვა მოედნების გამოყენების თაობაზე.
რუსეთმა საბჭო 2016 წელს დატოვა, როდესაც მან ხმათა რაოდენობით ადგილი უნგრეთსა და ხორვატიას დაუთმო.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ორგანიზაციის წევრი თითოეული ქვეყანა, რომელიც ფარული კენჭისყრის დროს მინიმუმ 97 ხმას დააგროვებს. საბჭოს წევრები სამი წლის ვადით ირჩევიან.