ახალსოფელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

როგორც გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, ახალსოფელში მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ყვარელის რაიონში ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის საარჩევნო ბანერი დააზიანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, ახალსოფელში მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

„კახეთში „ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს, აგონიაში მყოფი ხელისუფლება კი ბანერების ანგარიშსწორებაზე გადავიდა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი გაქურდეს

გიორგი ბოტკოველი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატია.

გუშინ ამავე ბლოკის კიდევ ერთ მაჟორიტარ კანდიდატთან დაკავშირებით მოხდა ინციდენტი – ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. ოფისიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის შესახებ ინფორმაცია ინახებოდა. მომხდარ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისათვის რეგისტრირებულია 50 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3,5 მლნ მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.