თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღმა გახსნისთანავე მუშაობა შეწყვიტა

კორონავირუსის გავრცელების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა არა მარტო რამდენიმე სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღებშიც.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის აღდგენისთანავე თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხურა, იუწყება „პირველი არხი“.

თბილისის საბავშვო ბაღების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა. გამონაკლისი გახდა №53 (გლდანი), №99 (დიდუბე) და №36 (კრწანისი) საბავშვო ბაღები. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ სამი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შორის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

პატრიარქი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს

12 ოქტომბრის შემდეგ ასევე ორი კვირით გადაიდო სასწავლო პროცესი №4 და №93 საბავშვო ბაღებში, სადაც კორონავირუსი აღმზრდელებს დაუდასტურდა.

„ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან 06.10.2020-ის შემდგომ ეს პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამომჟღავნების (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს“, – ნათქვამია №93 საბავშვო ბაღის Facebook-გვერდზე.

გარდა ამისა, ტელეარხის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ორი კვირით გადაიდო სასწავლო პროცესი ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი კვლავ იზრდება. დღეს COVID-19-ის 680 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 157 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.