თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ტელეარხ „TV პირველის“ ჟურნალისტს სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ჟურნალისტი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს და ვირუსის სიპტომებს აღწერს.
ჟურნალისტის თქმით, თავიდან ყელის ტკივილი დაეწყო, რამაც მალევე გაუარა, შემდეგ მისცა სიცხე - 37.3, ბოლოს კი გემოს და სუნის შეგრძნება დაკარგა. ახლა მეექვსე დღეა, რაც კორონავირუსი აქვს, თუმცა არც სიცხე აქვს, არც ყელი სტკივა და არც ახველებს, უბრალოდ სუნს და გემოს ისევ ვერ გრძნობს.
მანამდე კორონავირუსი ამავე ტელეკომპანიაში ჟურნალისტ ვიკა ბუკიასაც დაუდასტურდა, რომელიც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლეა. წყვილი ვირუსისგან ერთდროულად მკურნალობდა და სექტემბრის ბოლოს გამოჯანმრთელდა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 540 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
დღეს ინიფიცირებულთა რაოდენობა 569-ით გაიზარდა და 12841-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6867 ადამიანი, გარდაიცვალა – 102, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.