თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები აჩუქა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს.
გადმოცემულ საჩუქრებს შორისაა სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვ.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 867 ადამიანი, გარდაიცვალა 102 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.