საქართველოდან თხილის ექსპორტი იზრდება

საქართველოდან თხილი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გადის. 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოდან ამ დროისათვის 6,2 ათას ტონაზე მეტი თხილია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 33,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში. 

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ორჯერ გაიზარდა

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს განხორციელებული ექსპორტი თითქმის 2,2 ათასი ტონით, 53%-ით მეტია, შესაბამისად გაიზარდა ექსპორტიდან შემოსავალიც – 13,1 მილიონი დოლარით.

ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: გერმანიაში (1 989 ტონა), იტალიაში (1 098 ტონა), ჩეხეთში (382 ტონა), პოლონეთში (210 ტონა), ბულგარეთში (176 ტონა), საფრანგეთში (169 ტონა), ესპანეთში (165 ტონა), ლიეტუვაში (161 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (44 ტონა), ლატვიაში (43 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), სლოვაკეთსა (15 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

ამასთან, ქართული თხილი შედარებით ნაკლები რაოდენობით ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა, ბრაზილია, მექსიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ.

2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.