თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდ-კლინიკის სტატუსით იმუშავებს, განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან.
როგორც რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მისი კლინიკა სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით ერთვება ვირუსთან ბრძოლაში.
„ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდ-პაციენტების მკურნალობის პროცესში, თუმცა ზაფხულის პერიოდში მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდით. მინისტრის ბრძანებით კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი და გავხდებით ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა”, – განაცხადა რატიანმა.
მისი თქმით, კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც ახალშობილებზე (18 საწოლი), ისე ზრდასრულებზე (40 საწოლი) გათვლილი რეანიმაციული განყოფილება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს მიმდინარე წლის ივლისში დაუბრუნდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ახალი შემთხვევების უმეტესობა აჭარასა და თბილისზე მოდის, სადაც შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვებით გამოიხატება.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, 93 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა 1393-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.