მორიგება საფრთხეშია: ბაქო და ერევანი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ სრულდება.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საფრთხეშია — ბაქო და ერევანი კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს ტერიტორიის დაცხრილვაში.

სარაკეტო შეტევა განჯაზე: ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, მათი არმია „მკაცრად იცავს ჰუმანიტარული დაზავების რეჟიმს და არანაირ საბრძოლო მოქმედებას არ ახორციელებს“. ამასთან უწყება სომხურ მხარეს სდებს ბრალს შეთანხმების დარღვევაში.  

„სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, არაერთხელ სცადეს მცირე ჯგუფებით შეეტიათ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისთვის“, — ციტირებს „Sputnik–აზერბაიჯანი“ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმაც, რომლის თქმითაც „ღამით მოწინააღმდეგე ინტენსიურად ისროდა სამხრეთის მიმართულებით“.

„სომხეთის არმია მძიმე ბრძოლებს აწარმოებს მასზე რამდენჯერმე აღმატებულ თურქულ–აზერბაიჯანულ ძალებთან“, — დაწერა ოვანისიანმა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც, რომლის თქმით, მოსკოვში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ბოლომდე არ სრულდება.

ალიევი: ბაქო მზადაა, ყარაბაღთან დაკავშირებით ერევანთან მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ეს შეთანხმება მთელი ძალით არ სრულდება და საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, — აღნიშნა ლავროვმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა.