აზრი არა აქვს – ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაზე უარი თქვა

„ნაცმოძრაობაში“ იმედი აქვთ, რომ 2021 წლის ბიუჯეტს უკვე კოალიციური მთავრობა შეადგენს და მას ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ ფრაქციებში ქვეყნის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტის ფრაქციებში ორშაბათს იწყება.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, „დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს და მის განხილვას აზრი არ აქვს“.

საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2021 წელს არ იგეგმება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 2 ოქტომბერს შეიტანა.

დოკუმენტის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის გრაფიკის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დასამუშავებლად დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით 20 ოქტომბერს დაუბრუნდება. შემდეგ მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტს ნოემბერში დაუბრუნდება. ის მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო ორგანომ უკვე ახალი შემადგენლობით.

რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტში „ქართული ოცნების“ ყველა პირობაა მხილებული, „რომელიც დამყარებულია კონკრეტულ რიცხვებზე, ეს რიცხვები კი ღაღადებს იმას, რომ ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში, იქნება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშლილი იქნება ლარი და ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდება ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ბიზნესს“.

წინასწარი ვარიანტი: პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შევიდა

ეს ბიუჯეტი მომავალ წელს არ იქნება, მთავრობა შეიცვლება, აღნიშნა გოცირიძემ. იქნება ახალი ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს.

„ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ბიუჯეტის შენიშვნებს 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გავგზავნით. დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯებიც კი არ არის მოცემული“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების განვითარებას ელოდება, რადგან სიტუაცია კატასტროფულ მაჩვენებელს უახლოვდება – დღეში 500 ინფიცირებული და რამდენიმე გარდაცვლილი.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი ხუთი მილიარდი მიმართული უნდა იყოს ჯანდაცვის სფეროზე და ეკონომიკის რეანიმაციაზე.