გამყრელიძე: აჭარაში შემზღუდავი ღონისძიებები ჯერ არ იხსნება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგან აჭარაში ეპიდემიური ვითარება კვლავ რთული რჩება, დაწესებული შეზღუდვები ამ ეტაპზე არ მოიხსნება.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. აჭარაში შეზღუდვის ღონისძიებები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესდა, ჯერჯერობით არ მოიხსნება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: ყველაზე მეტი კვლავ აჭარაშია>>

დღეს აჭარაში 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამყრელიძის განცხადებით, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლო პერიოდში 150-დან 200-მდე მერყეობს. 

რადგან აჭარაში ეპიდემიური ვითარება კვლავ რთული რჩება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები ამ ეტაპზე არ მოიხსნება.

„აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე... სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი არ გავა, არ იგეგმება ამ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა", – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვიდრე სტაბილური ვითარება არ იქნება რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი კვირა მაინც, მანამდე არ არის რეკომენდებული შეზღუდვების მოხსნა.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა.