მაშველები წალენჯიხაში დაკარგულ მამაკაცს ვერტმფრენით ეძებენ: ვრცელდება ვიდეო

მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით 6 ოქტომბერს  გავიდა და შინ არ დაბრუნებულა
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი - sputnik. სამეგრელოში დაკარგულ 61 წლის მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

61 წლის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით 6 ოქტომბერს  გავიდა და შინ არ დაბრუნებულა.

მაშველებმა დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახური, დღეს კი პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები დაკარგული მამაკაცის ძებნას 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი.