თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ათენში საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ქართველი ემიგრანტების შეხვედრის დროს, უცნობი პირები სააკაშვილზე თავდასხმას შეეცადნენ, იუწყება ოპოზიციური ტელეკომპანია Mtavari.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შენობის შესასვლელთან, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო, სააკაშვილს პროვოკატორები ელოდებოდნენ. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მიუხედავად ინციდენტისა, მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრა მაინც გამართა. შეხვედრაზე, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა გეგმებზე, რომელსაც თავის მომხრეებსა და ამომრჩეველს სთავაზობს.
„მაფრთხილებდნენ, რომ არ ჩამოვსულიყავი, საზღვარზე არ გამოგვატარებდნენ, საჩივრები დაწერეს თითქოს, მაგრამ მე აქ ჩამომიყვანა მხოლოდ ერთმა გრძნობამ. მათ არ უნდოდათ რომ ჩამოვსულიყავი, იმიტომ რომ მათ ამოძრავებთ შიში და სიძულვილი, მე კი მამოძრავებს სიყვარული. ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილით ქვეყნები არ აშენებულა, შიშით ქვეყნები არ აშენებულა, სიყვარულით ჩვენ ავაშენეთ ის, რაც ვაშენეთ საქართველოში ამდენი წელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი საქართველოს შემდეგ
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში იყო. არჩევნებზე მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა არ შესთავაზა – სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას>>>
უკრაინის მოქალაქეობის მიღებისთანავე სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუჩერდა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და საქართველოში მისი მომხრეების საქმიანობა არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.
სააკაშვილი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ და დააპატიმრებენ.