თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 504 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 13 დადებითი პასუხია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალი შემთხვევებიდან რვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკავშირდება (ორი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო ექვსი პირის ინფიცირების წყარო უცნობია), ინფიცირების ორი შემთხვევა ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (სატვირთოს მძღოლები), ერთი შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამოვლინდა (იგი ცხელების ცენტრში იმყოფებოდა).
რეგიონში სულ ინფიცირებულია 212 მოქალაქე. რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის კურსს ამჟამად 64 პაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 31 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი – ყველა მათგანი ზუგდიდის მკვიდრია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცში იმყოფება 110 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელების შემთხვევათა რიცხვი კი 6 119-ს შეადგენს. გარდაიცვალა 78. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. უცხოეთიდან საქართველოში საკმურნალოდ 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.