თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ბარსელონაში თეატრში სამუშაოდ ბრუნდება. ინფორმაციას მეცო-სოპრანო სოციალურ ქსელში ავრცელებს და ამბობს, რომ გახარებულია, რადგან თეატრმა კონტრაქტი გამოუგზავნა.
საოპერო მომღერლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში დაძაბულია და კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.
„ყველა არის დაძაბული, მოვლენების განვითარების მოლოდინში, რა და როგორ იქნება. მესმის ძალიან კარგად მეც დედა ვარ და ყველას უწუხებს არის ეს პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.
„არ ვიცი, როგორ იქნება დეკემბრამდე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. სრულიად წარმოუდგენელია რა შეიძლება მოხდეს. ვიცი, რომ პატარების დატოვება მომიწევს, ჩავალ და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ. ვიმღერებ, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ ცოტათი მეშინია“, – ამბობს ნინო სურგულაძე.
საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ივნისში შეეძინა. მომღერალმა შვილებს ზაქარია და ნატალია დაარქვა. ნინო სურგულაძე, წარმატებული კარიერის გარდა, ქველმოქმედებით არის დაკავებული. 42 წლის მეცო-სოპრანოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.
ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე – ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდა ურთულესი ოპერაციები. ამას გარდა, „ნატვრის ხის“ ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს.