სტიკერები და „ჩეკლისტები“: ბაღებში ბავშვების მიყვანისა და გაყვანის წესები განისაზღვრა

რეგულაციების მიხედვით, სააღმზრდელო პროცესის დროს თანამშრომლები პირბადით იქნებიან, ოთახები კი ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებენ მუშაობას, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს, 12 ოქტომბერს იწყება. გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, თუ როგორ ემზადებიან დაწესებულებები და როგორია ბაღებისთვის შემუშავებული პროტოკოლი.

კერძო საგანმანათლებლო სექტორის ბიზნესი საფრთხეშია – სად ეძებენ მაშველ რგოლს მფლობელები

გვანცელაძის განმარტებით, საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი რეგულაციების მიხედვით განისაზღვრა.

„შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ რეგულაციებიდან გამომდინარე – როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მეთოდური მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რაც ყველაზე აქტუალურია ამ ეტაპზე – ეს გახლავთ ბავშვების მიღებისა და გაყვანის წესი. როდესაც მშობლებს მოჰყავთ ბავშვები ბაღში, ეზოში ხვდებათ მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრულია, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად“, – განმარტა გვანცელაძემ.

სტიკერზე ან მონიშვნაზე დახატულია ასაკობრივი ჯგუფი – ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. მშობელი სწორედ იმ ადგილზე უნდა დადგეს, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვრული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანითა და პირბადით, ბავშვს უტარებს თერმოსკრინინგს და შეჰყავს შენობაში. საბავშვო ოთახში მას დახვდება აღმზრდელის თანაშემწე, რომელიც იტოვებს ბავშვს.

რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში – შრომის ინსპექცია შემოწმებას განაგრძობს

გვანცელაძის განმარტებით, უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, ანუ განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში. ანალოგიურია გაყვანის წესიც. კერძოდ, წინასწარ განსაზღვრულია დრო – როდის უნდა გაიყვანოს ბავშვი ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ადრე სურს ბავშვის ბაღიდან გაყვანა, მან ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს.

„ვიმედოვნებ, ასეთი შემთხვევები იქნება ერთეული და მინდა ვთხოვო მშობლებს, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რათა მსგავსი შემთხვევები იყოს ერთეული, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციებს“, – აღნიშნა გვანცელაძემ.

თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა ბაღში მიყვანის დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. ხოლო თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების, ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვთა ეკიპირებულ ექთანთან.

კორონავირუსი და საბავშვო ბაღები: სიახლეები პანდემიის პერიოდში

„მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112-ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება“, – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ამასთან, შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესიც. კერძოდ, აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება. სადეზინფექციო ხსნარები განთავსდა ყველა ოთახთან. ასევე შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის, თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესიც. სააღმზრდელო პროცესის დროს თანამშრომლები პირბადით იქნებიან, ოთახები კი ყოველ ორ საათში ერთხელ განიავდება.

საბავშვო ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების გართულების გამო ხელისუფლებამ ბაღების გახსნა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი 12 ოქტომბრამდე გადადო.