მე ამირჩიე! როგორ რეკლამას მიმართავენ პარტიები, ანუ კრეატივი ქართულად

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქართული პარტიები მილიონობით ლარს ხარჯავენ რეკლამაზე, რათა ამომრჩევლების ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვონ.
Sputnik

საპარლამენტო არჩევნებამდე 21 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შტაბებში თავდაუზოგავად შრომობენ შინაარსიანი ლოზუნგებისა და თვალსაჩინო სურათების მოსაფიქრებლად, რომლებიც ამომრჩეველს ადვილად დაამახსოვრდება და კანდიდატს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენს.

ინტერნეტი, ტელევიზია, რადიო, გაზეთები, რეკლამა ქუჩებში... ადრესატმა რომ აღიქვას, პოლიტიკური რეკლამა დასამახსოვრებელი უნდა იყოს. რა ვითარებაა კრეატივთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოში, ამის შესახებ „Sputnik-საქართველო“ გესაუბრებათ.

ფული არ არის? სამაგიეროდ კრეატივია

„ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და უფასო პოლიტიკური ბილბორდები“ – ეს ქართული წინასაარჩევნო რბოლის ყველაზე დიდი „გირჩის“ სარეკლამო რგოლია. ავტორი ამომრჩეველს იმთავითვე უხსნის, რომ მას ძვირადღირებული ბილბორდებისთვის თანხა, მმართველი პარტიის კანდიდატებისგან განსხვავებით, არ აქვს (ამიტომ კადრში სრულიად გამიზნულად გაიელვებს ხოლმე მმართველი პარტიის დეპუტატი გია ვოლსკი). „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეკონომიის მიზნით თავად დადის თბილისის ქუჩებში სპეციალური კონსტრუქციით და მოქალაქეებს „ცოცხალ ბილბორდს“ აჩვენებს. ნახეთ როგორ გამოიყურება პარტიის „ბილბორდი“:

ყველამ იცის, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთი. ეს საიდუმლოს არც ზურაბ ჯაფარიძისა და მისი გუნდისთვის წარმოადგენს. ამიტომ „გირჩმა“ ისარგებლა ბელარუსის გუნდთან საქართველოს ფეხბურთის ნაკრების შეხვედრით და თავისი პარტიის ფერის მაისურში გამოწყობილმა, რომელსაც ნომერი 36 აწერია, გულშემატკივრები ტელევიზორის ეკრანებთან მიიპატიჟა. პუბლიკაცია ბევრმა გაიზიარა, რაც ამ პიარ–სვლის წარმატებაზე მეტყველებს. 

წინასაარჩევნო კამპანიას შემოქმედებითად მიუდგა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“. მათ გამოიყენეს პროგრამა „კარდაკარ“, რომელსაც მეტად საფუძვლიანად ასრულებენ.

სენაკი-ფოთი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში მათი კანდიდატის – გიგა ბოკერიას წინასაარჩევნო შტაბს სათავეში უდგას მისი მეუღლე, ჟურნალისტი, ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

იგი თავის Facebook-გვერდზე დღეში რამდენჯერმე აქვეყნებს დეტალურ ფოტო- და ვიდეოანგარიშებს გაწეული სამუშაოს შესახებ.

ამ პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობასთან სტუმრად დადიან. გიგა ბოკერია კი ხშირად სრულიად განსხვავებულ გარემოში ჩანს – ღვინის ჭიქით ხელში ან არყის გამოხდის პროცესში. 

წინასაარჩევნო კამპანია ბოკერიამ ფეხბურთისა და ჭადრაკის ტურნირებით, პრეზენტაციებით, ახალგაზრდობისთვის მოწყობილი საღამოებით, ტერიტორიის დასუფთავების ეკოლოგიური პროექტებით შეავსო, რითიც პროვინცია გამოაცოცხლა.

სენაკისა და ფოთის მცხოვრებნი სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათ ქალაქებში ისეთი მხიარულება და გართობაა, რაც ბოლო 30 წელია არ ყოფილა. 

რაც შეეხება მთლიანობაში „ევროპელებს“, პარტიის მთელი სარეკლამო კამპანია აგებულია თეზისზე – საჭიროა ბიძინა ივანიშვილის მმართველობისგან გათავისუფლება და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნების არდაშვება. 

„შენი“ ადამიანი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამომრჩეველთან უშუალო, შინაურული ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სარეკლამო რგოლებში ის ხან ბაზარში სეირნობს, ხან ქალაქის ქუჩებში, ესაუბრება მოქალაქეებს პრობლემებზე და აუცილებლად ახსენებს, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მისი საქმიანობისას აშენდა და გაიხსნა იუსტიციის სახლი. 

მკაფიოდ და მოკლედ ჩამოაყალიბა თავისი იდეა „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“. „მომავალი თქვენ გეკუთვნით“ – ამბობენ ლეიბორისტები და ასე ამბობენ, რომ თავიანთ რიგებში მეტი ახალგაზრდის მიზიდვა სურთ.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოველი ქალაქისთვის, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს წარდგენილი, ცალკე სლოგანი აარჩია. მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის ლოზუნგია: „ქუთაისი – ხელოვნებისა და კულტურის ქალაქი“.

მმართველი პარტია კი გამოირჩევა ბილბორდების, სარეკლამო რგოლებისა და ლოზუნგების სიმრავლით და ნაკლები ორიგინალობით. ლოზუნგი – „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“ – „ქართული ოცნების“ წარმატებული პროექტების სიმბოლოა.

ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ბილბორდებიდან ამომრჩევლებს პოტენციური დეპუტატები უღიმიან. 

მე ამირჩიე! როგორ რეკლამას მიმართავენ პარტიები, ანუ კრეატივი ქართულად

აი, ასეთი კრეატიულობით უდგებიან წინასაარჩევნო კამპანიას პოლიტიკური სუბიექტები. და მაინც, თქვენ რომელი პარტიის რეკლამა მოგწონთ?